თაღლითობა ხშირად იწყება შეტყობინებით ან ზარით, რომელიც გაჩქარებთ. გაიგეთ, როგორ ამოიცნოთ ის და რა გააკეთოთ, თუ ბმულს უკვე დააჭირეთ.
30 წთ
8 ნაბიჯი
გადამოწმდა
თაღლითები, როგორც წესი, არაფერს ტეხენ. ისინი ისე გელაპარაკებიან, რომ კარს თქვენ თვითონ უღებთ: ბმულს აჭერთ, კოდს კარნახობთ, ფულს ურიცხავთ. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, ასეთი ხრიკები ამოიცნოთ, და გეტყვის, რა გააკეთოთ, თუ ბმულს უკვე დააჭირეთ ან ფული გადაიხადეთ. ხუთი აუცილებელი ნაბიჯი პარამეტრები კი არა, ჩვევებია. მათ წაკითხვას დაახლოებით თხუთმეტი წუთი დასჭირდება.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
თაღლითური შეტყობინების მიზანია, ჯერ იმოქმედოთ და მერე დაფიქრდეთ. მისი ჩვეული ნიშნებია:
გაჩქარებთ ან გემუქრებათ: „24 საათის განმავლობაში“, დაბლოკილი ანგარიში, ჯარიმა.
თითქოს თქვენი ბანკიდან, საკურიერო კომპანიიდან, პოლიციიდან ან სახელმწიფო სერვისიდან მოდის.
გთავაზობთ პრიზს, თანხის დაბრუნებას ან იმდენად კარგ შეთავაზებას, რომ დასაჯერებელი არ არის.
ითხოვს შესვლის კოდს, პაროლს, ბარათის მონაცემებს ან ფულს.
მეგობარი ან ნათესავი ახალი ნომრიდან გწერთ ან სასწრაფოდ ფულს გთხოვთ.
გთხოვთ, საუბარი სხვა აპლიკაციაში გააგრძელოთ.
უშეცდომოდ დაწერილი ტექსტი არაფერს ამტკიცებს: თაღლითები ახლა AI-ით წერენ. თუ რაღაც საეჭვოდ გეჩვენებათ, შეჩერდით და სხვა გზით გადაამოწმეთ.
ყველა მოწყობილობა
ნუ უპასუხებთ. შეტყობინებაში ბმულებს ნუ დააჭერთ, „unsubscribe“ ბმულსაც კი, და მიმაგრებულ ფაილებს ნუ გახსნით.
გადაამოწმეთ იმ გზით, რომელიც უკვე იცით: გახსენით კომპანიის აპლიკაცია, მისამართი თავად აკრიფეთ ან დარეკეთ ბარათზე ან ამონაწერზე მითითებულ ნომერზე.
თუ მეგობარი ფულს გთხოვთ, დაურეკეთ იმ ნომერზე, რომელზეც ჩვეულებრივ ურეკავთ. AI-ით ხმის გაყალბებაც შეიძლება: თუ ზარი საეჭვოდ მოგეჩვენათ ან უჩვეულო რამეს გთხოვენ, სხვა გზით გადაამოწმეთ.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
კოდი, რომელსაც აპლიკაცია ან ბანკი გიგზავნით, მხოლოდ იმისთვისაა, რომ თავად შეიყვანოთ. ვინც ამ კოდს გთხოვთ, თაღლითია, ვინადაც არ უნდა წარმოგიდგეთ. ნამდვილი კომპანიები არ გწერენ და არ გირეკავენ იმისთვის, რომ პაროლი, PIN კოდი, ბარათის ნომერი ან შესვლის კოდი გთხოვონ. საქართველოს ეროვნული ბანკი გაფრთხილებთ, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი არავის მისცეთ და უცნობის თხოვნით საბანკო ან საბარათე ოპერაციები არ შეასრულოთ.
ყველა მოწყობილობა
თუ ვინმე კოდს გთხოვთ, საუბარი შეწყვიტეთ და დაბლოკეთ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ნამდვილია თუ არა თხოვნა, კომპანიას თავად დაუკავშირდით, მისი აპლიკაციით ან ბარათზე მითითებული ნომრით.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
ბმულზე შეიძლება ერთი ეწეროს, გახსნისას კი სულ სხვაგან მოხვდეთ. ყალბ საიტებზე ნამდვილი ლოგოებია, მისამართი კი ნამდვილისგან ერთი ასოთი განსხვავდება, მაგალითად, paypaI.com, სადაც პატარა l-ის ნაცვლად დიდი I წერია. ყველაზე უსაფრთხო ჩვევა ასეთია: როცა შეტყობინება გთხოვთ, ანგარიშში შეხვიდეთ ან რამე გადაიხადოთ, მის ბმულს ნუ გამოიყენებთ. გახსენით აპლიკაცია ან მისამართი თავად აკრიფეთ.
ყველა მოწყობილობა
დააკოპირეთ ბმული და ჩასვით ჩვენს ბმულის შემოწმების ხელსაწყოში. ის ბმულს არ ხსნის, მხოლოდ გაჩვენებთ, რომელ საიტზე მიდის მისამართი. შემოკლებული ბმულის უკან რა იმალება, ვერ ხედავს.
საიტის სახელი ბოლოდან წაიკითხეთ. login.example.com.evil.ge-ში საიტია evil.ge. რაც მის წინ წერია, შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, თქვენი ბანკის სახელიც კი.
პაროლის შეყვანამდე შეხედეთ მისამართის ველს. თუ ეს ის საიტი არ არის, რომელსაც ელოდით, შეჩერდით. თუ პაროლების მენეჯერი პაროლის ჩაწერას არ გთავაზობთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ.
iPhone
Safari-ში ბმულს თითი დიდხანს დააჭირეთ: გვერდის წინასწარ ხედს ნახავთ ისე, რომ ახალ ჩანართში არ გაიხსნება. წინასწარი ხედი გვერდს მაინც ტვირთავს, ამიტომ თუ ფიქრობთ, რომ ბმული მიზანმიმართულად სწორედ თქვენ გამოგიგზავნეს, ბმულის შემოწმების ხელსაწყო გამოიყენეთ.
წინასწარი ხედის დასახურად მის გარეთ ნებისმიერ ადგილას დააჭირეთ.
კომპიუტერი
მაუსის ისარი ბმულზე მიიტანეთ, ოღონდ ნუ დააჭერთ. მისამართი, სადაც ბმული მიდის, ფანჯრის ქვედა ნაწილში ან ისრის გვერდით გამოჩნდება.
თუ ის ბმულის ტექსტს არ ემთხვევა, ნუ დააჭერთ.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
ეკრანზე გამოჩენილი სახელი და ნომერი შეიძლება გაყალბებული იყოს, ამიტომ ზარის დროს შეიძლება თქვენი ბანკის ნამდვილი ნომერიც დაინახოთ. ხშირი სცენარი ასეთია: ვიღაც „თქვენი ბანკიდან“ ან „ეროვნული ბანკიდან“ გეუბნებათ, რომ უცნობი თქვენს ანგარიშში შესვლას ან თქვენს სახელზე სესხის აღებას ცდილობს. თქვენი „დასაცავად“ კი გთხოვთ, რომ ინტერნეტბანკში შეხვიდეთ, სესხი აიღოთ ან ფული „უსაფრთხო“ ანგარიშზე გადარიცხოთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ასეთ სქემებზე გააფრთხილა მოქალაქეები, მათ შორის WhatsApp-ზეც, და აღნიშნა, რომ ფიზიკურ პირებს სესხს არასოდეს აძლევს. ნამდვილი ბანკი ან პოლიციელი არასოდეს გთხოვთ, ფული „დასაცავად“ სხვაგან გადარიცხოთ.
ყველა მოწყობილობა
გათიშეთ. ვინც გაჩქარებთ, მასთან თავაზიანობა სავალდებულო არ არის.
ბანკში თავად დარეკეთ ბარათზე ან აპლიკაციაში მითითებულ ნომერზე და არასოდეს იმ ნომერზე, რომელსაც დამრეკავი გეტყვით.
არასოდეს დააყენოთ აპლიკაცია, რომელსაც დამრეკავი გთხოვთ, და არასოდეს გამორთოთ ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია ან უსაფრთხოების სხვა ფუნქცია მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე ამას გეუბნებათ.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
ახლავე იმოქმედეთ. რა უნდა გააკეთოთ, იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდა. ეს ნაბიჯები ისეთი მოწყობილობიდან გააკეთეთ, რომელსაც ენდობით.
მხოლოდ ბმულს დავაჭირე
თუ არაფერი შეგიყვანიათ, ფაილი არ ჩამოგიტვირთავთ და აპლიკაცია არ დაგიყენებიათ, მარტო ბმულზე დაჭერა, როგორც წესი, დიდ ზიანს არ მოგაყენებთ. განაახლეთ ტელეფონი და ბრაუზერი.
მომდევნო რამდენიმე დღე ყურადღებით ადევნეთ თვალი ელფოსტას და ანგარიშების შეტყობინებებს.
თუ ჟურნალისტი ან აქტივისტი ხართ და გგონიათ, რომ ბმული მიზანმიმართულად პირადად თქვენ გამოგიგზავნეს, მიმართეთ Access Now-ის ციფრული უსაფრთხოების ცხელ ხაზს. ზოგი ჯაშუშური პროგრამა ბმულზე ერთი დაჭერით დაყენებულა.
პაროლი შევიყვანე
ეს პაროლი ახლავე შეცვალეთ, ასევე ყველა სხვა ანგარიშზე, სადაც იგივე პაროლი გქონდათ.
გაყიდვების საიტებზე თაღლითები ხშირად მყიდველად გაცნობენ თავს. გიგზავნიან ბმულს „თანხის მისაღებად“ ან „მიწოდების მოსაგვარებლად“, გახსნილი გვერდი კი ბარათის მონაცემებს გთხოვთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამაზეც გააფრთხილა მოქალაქეები. ზოგი გადახდის სქრინშოტს გიგზავნით, თუმცა სინამდვილეში არაფერი გადაუხდია.
ყველა მოწყობილობა
მიმოწერა საიტის ჩატშივე გააგრძელეთ. ფრთხილად იყავით, თუ ვინმე თავიდანვე WhatsApp-ზე ან ტელეფონზე გადასვლას ცდილობს.
ბარათის მონაცემებს ნუ შეიყვანთ გვერდზე, რომლის ბმულიც ვინმემ გამოგიგზავნათ, რა მიზეზიც არ უნდა დაგისახელოთ.
გადახდის სქრინშოტს ნუ ენდობით. ბანკის აპლიკაციაში შეამოწმეთ.
გზავნილის ნომერი საკურიერო კომპანიის საიტზე შეამოწმეთ.
რეკომენდებული
მონიშნეთ შესრულებულად
ტელეფონებსა და აპლიკაციებს შეუძლიათ საეჭვო შეტყობინებები და ზარები ცალკე გადადონ. ისინი ბევრ თაღლითობას იჭერენ, მაგრამ ყველას არა. უცნობი ნომრების ფილტრმა შეიძლება ნამდვილი ზარიც დამალოს, მაგალითად, კურიერის ან ექიმის, ამიტომ საჭირო ნომრები კონტაქტებში შეინახეთ.
iPhone
Messages-ში დააჭირეთ ფილტრის ღილაკს, შემდეგ Manage Filtering-ს და შეამოწმეთ, რომ Filter spam ჩართული იყოს.
იმავე ეკრანზე შეგიძლიათ ჩართოთ Screen Unknown Senders. ამის შემდეგ უცნობი ნომრების შეტყობინებები ცალკე სიაში გადავა და მათი ბმულები არ გაიხსნება, სანამ გამგზავნს ნაცნობად არ მონიშნავთ. სასწრაფო შეტყობინებები, მაგალითად შესვლის კოდები, რომ მაინც მოგივიდეთ, დააჭირეთ Allow Notifications-ს და ჩართეთ Time Sensitive.
ზარებისთვის გადადით Settings → Apps → Phone → Screen Unknown Callers-ში და აირჩიეთ Ask Reason for Calling ან Silence. როუმინგში ეს ფილტრი არ მუშაობს.
Android
Google Messages-ში დააჭირეთ პროფილის სურათს, შემდეგ Messages settings → Protection & Safety → Spam and scam protection-ს და შეამოწმეთ, რომ ჩართული იყოს.
Google-ის Phone აპლიკაციაში დააჭირეთ More options → Settings → Caller ID and spam-ს და ჩართეთ See caller ID & spam. თუ Filter spam calls-ს ხედავთ, ისიც ჩართეთ. ამის შემდეგ ნომრები, რომლებიც კონტაქტებში არ გაქვთ, შესამოწმებლად Google-ს ეგზავნება.
სხვა მწარმოებლების ტელეფონის აპლიკაციებს სპამის საკუთარი პარამეტრები აქვს.
Viber
გახსენით More → Settings → Privacy → Auto spam check და ჩართეთ.
ის ამოწმებს ბმულებსა და ნომრებს იმ ადამიანების შეტყობინებებში, ვისთანაც აქამდე არასოდეს გისაუბრიათ.
რეკომენდებული
მონიშნეთ შესრულებულად
როცა თაღლითობას აპლიკაციას ატყობინებთ (report), ეხმარებით, რომ გამგზავნი სხვებისთვისაც დაბლოკოს. ამ დროს კომპანია მიმოწერის ასლსაც იღებს: Google Messages ბოლო ათ შეტყობინებას Google-ს უგზავნის (ჯგუფში სხვა წევრების სახელებსა და ნომრებსაც), WhatsApp კი ხუთამდე შეტყობინებას. თუ მიმოწერაში ისეთი რამ არის, რისი გაზიარებაც არ გინდათ, გამგზავნი უბრალოდ დაბლოკეთ და report ნუ გააკეთებთ. Report-მა შეიძლება მიმოწერა თქვენი ტელეფონიდანაც წაშალოს: თუ შეიძლება პოლიციას ან ბანკს მიმართოთ, ჯერ სქრინშოტი გადაიღეთ.
iPhone Messages
მიმოწერას თითი მარცხნივ გადაუსვით, დააჭირეთ წაშლის ღილაკს, შემდეგ Delete and Report Spam-ს.
თუ შეტყობინება უკვე გახსენით, მის ბოლოში დააჭირეთ Report Spam-ს, შემდეგ Delete and Report Spam-ს. ეს ღილაკი მხოლოდ იმ უცნობი გამგზავნების შეტყობინებებში ჩანს, რომლებისთვისაც არ გიპასუხიათ. iOS-ის ძველ ვერსიებში მას Report Junk ჰქვია.
Google Messages
მიმოწერას თითი დიდხანს დააჭირეთ.
დააჭირეთ Block → Report spam → OK-ს.
WhatsApp
Android-ზე გახსენით ჩატი და დააჭირეთ ⋮ → More → Block-ს.
თუ report-იც გინდათ, მონიშნეთ Report to WhatsApp; თუ მხოლოდ დაბლოკვა გინდათ, მოუნიშნავი დატოვეთ. აუცილებლად დახედეთ: ის ყოველთვის მონიშნული არ არის.
Viber
დაბლოკეთ გამგზავნი.
თუ შეტყობინება ისეთი ადამიანისგანაა, ვინც კონტაქტებში არ გყავთ, აირჩიეთ ვარიანტი, რომლითაც სპამს ატყობინებთ (report spam).
Gmail
კომპიუტერზე გახსენით წერილი.
Reply-ის გვერდით დააჭირეთ More-ს, შემდეგ Report phishing-ს.
საჩვენებელი ნაბიჯი არ არის. დანარჩენის სანახავად გამორთეთ ფილტრი.