პაროლების მენეჯერი თითოეული ანგარიშისთვის გრძელ, განსხვავებულ პაროლს ქმნის, ინახავს და შესვლისას თქვენ მაგივრად წერს. თქვენ მხოლოდ ერთი მთავარი პაროლი უნდა გახსოვდეთ, ან სულაც მხოლოდ ტელეფონის ეკრანის დაბლოკვის კოდი. ადამიანების უმეტესობას ტელეფონში ჩაშენებული მენეჯერიც სავსებით ეყოფა. ცალკე აპლიკაცია მაშინ გამოგადგებათ, თუ Apple-ის მოწყობილობებთან ერთად Android-ს ან Windows-საც იყენებთ: Bitwarden-ისა და Proton Pass-ის კოდი ღიაა, ორივე დამოუკიდებელმა აუდიტორებმა შეამოწმეს და ორივეს უფასო ვერსია აქვს. 1Password-იც შემოწმებულია, მაგრამ მისი კოდი ღია არ არის.
თუ მენეჯერს საკუთარი მთავარი პაროლი აქვს, სულ მცირე ექვსი შემთხვევითი სიტყვისგან შეადგინეთ. სიტყვებს თავად ნუ აირჩევთ: ეს მენეჯერის გენერატორს მიანდეთ. პაროლი შეგიძლიათ ქაღალდზეც ჩაიწეროთ, ოღონდ ქაღალდი სახლში, უსაფრთხო ადგილას შეინახეთ.
iPhone
- გადადით Settings → General → AutoFill & Passwords-ში და ჩართეთ AutoFill Passwords and Passkeys.
- ანგარიშის შექმნისას ან პაროლის შეცვლისას, როცა iPhone პაროლს შემოგთავაზებთ, დააჭირეთ Use Strong Password-ს.
- შენახული პაროლები აპლიკაცია Passwords-შია (iOS 18 და უფრო ახალი ვერსიები).
Android
- გახსენით Settings, ძებნაში ჩაწერეთ Password Manager და აირჩიეთ.
- ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ პარამეტრების ნიშანს და შეამოწმეთ, რომ Offer to save passwords ჩართული იყოს.
- Samsung-ის ტელეფონზე პაროლების შემნახველ სერვისს აქ ირჩევთ: Settings → General management → Passwords, passkeys, and autofill → Preferred service.
კომპიუტერი
- კომპიუტერზეც იგივე მენეჯერი გამოიყენეთ, რაც ტელეფონზე გაქვთ, რომ პაროლები ორივეგან გქონდეთ: Chrome-ში Google Password Manager, Mac-ზე Apple-ის Passwords, ან ცალკე მენეჯერის აპლიკაცია და ბრაუზერის გაფართოება.
- ცალკე მენეჯერი მხოლოდ მისივე საიტიდან ჩამოტვირთეთ, მაგალითად bitwarden.com-დან ან proton.me/pass-დან.
- თუ კომპიუტერით თქვენი ოჯახის გარდა სხვებიც სარგებლობენ, ბრაუზერში პაროლებს ნუ შეინახავთ.